ალეკო ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? - ათი მოგხვდებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელიც გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომას უძღვებოდა იმ მომენტში, როცა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.
მათიკაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ არც მათ და არც სესიაზე მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენელს არ უნახავთ და არ ახსოვთ, „ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად და ქათმურად მიპაროდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას“.
„მერვე წელია საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ. ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენელს არცერთს ის არ უნახავთ და არ ახსოვს, ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად და ქათმურად მიპაროდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას.
მთელი დღის განმავლობაში [ალეკო] ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს და ხმა არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია.
ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? - მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ რაიმე, გვითხარით. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? - ათი მოგხვდებათ. ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.