ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის განცხადებით, ქვეყანა ირანის ბოლო სარაკეტო შეტევას უპასუხებს, მაგრამ ის არ აკონკრეტებს, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პასუხი. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ომის კაბინეტი 15 აპრილს ბოლო ორი დღის განმავლობაში მეოთხედ შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განიხილეს, თუ როგორ უპასუხონ ირანს ისე, რომ ესკალაციასა და შეკავებას შორის ზღვარი დაიცვან. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მაგრამ მათი თავდასხმის 99% მოიგერიეს.