ქუჩაში მოქალაქეების პროტესტის, პარლამენტში კი დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას წინ 12-საათიანი განხილვა უძღოდა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ დაპირისპირებასაც. „ქართული ოცნების“ დეპუტატები 12 საათის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტის მიზანი, საზოგადოების ინფორმირებაა, კერძოდ კი იმის გაგება, თუ რაში იხარჯება დონორების მიერ არასამთავრობო სექტორისთვის გამოყოფილი ასეულობით მილიონი დოლარი. ოპოზიცია კი ამ კანონპროექტს რუსულს უწოდებს და თვლის, რომ მისი მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაჩერებს. აღნიშნულ დოკუმენტზე მსჯელობა, შესაძლოა, დღევანდელ სესიაზე გაგრძელდეს.