ჩვენ მოვიგერიეთ, დავბლოკეთ და ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდასხმების მოგერიების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. ნეთანიაჰუმ შეტყობინება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ომის კაბინეტის მინისტრებთან შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე სიტუაცია შეაფასეს. ირანის მხრიდან ისრაელზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ნეთანიაჰუს ტელეფონზე ესაუბრა და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მისი განცხადებითვე, აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ არანაირ შეტევაში. სატელეფონო საუბრისას ლიდერების მხრიდან აღინიშნა რომ ირანის თავდასხმები დიდწილად წარუმატებელი იყო და აჩვენა ისრაელის უმაღლესი სამხედრო შესაძლებლობები. აღსანიშნავია რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის საკითხზე თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდა.