26 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობენ, სადაც მან თქვა, რომ არც ერთი გაერთიანება არ უღირს "ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად". მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსანთა მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია. 26 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას დღეს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის პოზიციას მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ და მესამე სექტორის განცხადებას სპეკულაციას უწოდებენ. ოპოზიციაში კი განსხვავებული შეხედულება აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები კახა კალაძის განცხადებას მავნებლურს უწოდებენ.