* ჯემს განდოლფინის „სოპრანოს კლანი“ -
მართალია, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით ჯეიმს განდოლფინიმ საკმაოდ გვიან მოიპოვა აღიარება, მაგრამ წარმატება მართლაც გრანდიოზული აღმოჩნდა, რადგან მსახიობმა ჰოლივუდისთვის არასტანდარტული, თუმცა საოცრად თვითმყოფადი გარეგნობით, რომელიც თითქმის 10 წელი საოცრად კოლორიტულ, მაგრამ მაინც ეპიზოდურ პერსონაჟებს განასახიერებდა, ყველას დაუმტკიცა, რომ არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონს არა მხოლოდ განგსტერების სახეების შექმნა, არამედ დრამატული როლების შესრულებაც ბრწყინვალედ გამოსდიოდა.
* * *
* „უცხო ჩვენს შორის“ –
ნაკლებად წარმატებულ ფილმებზე მუშაობის შემდეგ, განდოლფინის მხოლოდ 1993 წელს გაუმართლა, როცა ტონი სკოტის კრიმინალურ კომედიაში „ნამდვილ სიყვარულში“ შექმნა მეტად ქარიზმატული ქილერის სახე და პრაქტიკულად ყველა ეპიზოდი “წაართვა” ახალგაზრდა კოლეგებს - ბრედ პიტს, კრისტიან სლეიტერსა და პატრისია არკეტს, რომელთაც არანაკლებ კოლორიტული პერსონაჟები განასახიერეს.
ეპიზოდური, თუმცა საოცრად შთამბეჭდავი გმირი შექმნა 32 წლის მსახიობმა სიდნი ლუმეტის დრამაშიც „უცხო ჩვენს შორის“. განდოლფინიმ წვრილმანი კრიმინალი განასახიერა, რომელსაც ამბიციები, ზედმეტად გაბერილი „ეგო“ არ აძლევს მოსვენებას და ყოველთვის იმაზე მეტი უნდა რომ გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. მსახიობის განცხადებით, პერსონაჟის შექმნაში ახალგაზრდობის, ნიუ-ჯერსის ქუჩებში შეძენილი გამოცდილება დაეხმარა, რადგან სწორედ მსგავსი კატეგორიის ადამიანებთან უწევდა ურთიერთობა.
* ენჯი“ –
პირველი სერიოზული როლი განდოლფინიმ მარტა კულიჯის კომედიურ მელოდრამაში „ენჯიში“ შეასრულა, როცა საოცრად სიმპათიური, გულღია და უშუალო, თუმცა უქნარა და უპასუხისმგებლო სანტექნიკოსი განასახიერა, პარტნიორობა კი, ჯინა დევისმა გაუწია, ნიუ-იორკელი მარტოხელა დედის როლით. მართალია, ფილმმა ვერც კომერციული წარმატება მოიპოვა, ვერც კრიტიკოსების კეთილგანწყობა დაიმსახურა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა განდოლფინის შემოქმედებაში, რადგან მსახიობს, რომელიც იმ პერიოდში არც ზედმეტ კილოგრამებს უჩიოდა, არც შეთხელებულ ვარცხნილობას, მსგავსი პერსონაჟი არცერთ ფილმში აღარ შეუქმნია.
* „ადამიანი, რომელიც არ იყო“ –
დიდი ხნის ოცნება განდოლფინიმ 2001 წელს აისრულა, როცა ძმებ კოენებთან მუშაობის შანსი მიეცა. მსახიობმა მაღაზიის მფლობელი - „დიდი დეივ“ ბრუსტერი განასახიერა, რომელსაც საყვარლის ქმარი აშანტაჟებს და ვერ ხვდება, რომ მსგავსი უგუნურობით მხოლოდ საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად, რადგან ერთი შეხედვით გულუბრყვილო დეივი მასზე ბევრად გაქნილი და მოხერხებულია.
აღსანიშნავია, რომ ალბერ კამოუს მოთხრობის „უცხოს“ მოტივებზე შექმნილი ფილმი თავად კოენებმა ეგზისტენციალური იგავის ჟანრს მიაკუთნეს და ნეონუარის საუკეთესო ტრადიციების დაცვით შავ-თეთრ ფირზე გადაიღეს. პარტნიორობა განდოლფინის არაჩვეულებრივმა ფრენსის მაკდორმანდმა გაუწია, რომელიც ჯოელ კოენის მეუღლე და მისი ფილმების წამყვანი მსახიობია.
* „საკმარისია სიტყვები“ –
სრულად განსხვავებული სახე შექმნა განდოლფინიმ ნიკოლ ჰოლოფსენერის მელოდრამაში „საკმარისია სიტყვები“. მსახიობმა მისთვის უჩვეულო პერსონაჟი - საშუალო ასაკის განქორწინებული, ერთი შეხედვით უხეში და მოუქნელი, თუმცა სინამდვილეში, საოცრად რბილი და მგრძნობიარე, გონიერი და ცხოვრებით დაბრძენებული ალბერტი განასახიერა. მართალია, ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის განდოლფინიმ რამდენიმე პრესტიჟული კინონომინაცია დაიმსახურა, მაგრამ დაგვიანებით, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ. მეტიც, კრიტიკოსების აზრით, მსახიობი „ოსკარსაც“ იმსახურებდა, რადგან პრაქტიკულად საკუთარი თავის განსახიერებით შექმნა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი.
* „დაცემა“ -
მიხაელ როსკამის კრიმინალური დრამა „დაცემა“ , რომელშიც განდოლფინიმ მაფიის ბოსი განასახიერა, უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა მისთვის, რადგან ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა ინფარქტით. პარტნიორობა განდალფინის ტომ ჰარდიმ გაუწია, რომელმაც ბრწყინვალედ შეაფასა მსახიობის თამაში და ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს, „ჯეიმსი არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, რადგან ნებისმიერ როლს მსუბუქად, საოცრად ბუნებრივად ასრულებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არა გამოგონილ პერსონაჟთან, არამედ რეალურ ადამიანთან ვურთიერთობდი და მეც ყოველთვის თავისუფლად, ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს მის გვერდით“, - აღნიშნა ჰარდიმ ფილმის პრემიერაზე.
მრავალრიცხოვანი როლების მიუხედავად, განდოლფინის საუკეთესო ნამუშევრად მაინც ტონი სოპრანო იქცა სერიალიდან „სოპრანოს კლანი“, რომლის წყალობით „ოქროს გლობუსი“, ამერიკელ კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და „ემის“ სამი პრემია დაიმსახურა. მეტიც, სწორედ განდოლფინის მიერ შექმნილი ტონი სოპრანო დასახელდა საუკეთესო და ყველაზე გავლენიან პერსონაჟად ტელევიზიის ისტორიაში.
* „სოპრანოს კლანი“ -
მართალია, დევიდ ჩეიზის სერიალი, რომელმაც ნიუ-ჯერსელი განგსტერების რეალური ცხოვრება ასახა, ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვა კრიმინალური დრამებისგან, მაგრამ სწორედ „სოპრანოს კლანით“ დაიწყო ახალი ეპოქა ტელევიზიისა და დღეს უკვე პოპულარული არხის HBO-ს ისტორიაში.
* * *
ცნობილი ტელეპროექტების „დეტექტივ როკფორდის დოსიეს“ და „ჩრდილოეთის მხარის“ ავტორი დევიდ ჩეიზი რამდენიმე წელი მუშაობდა თანამედროვე განგსტერების ისტორიაზე, რადგან სრულმეტრაჟიანი დებიუტისთვის ემზადებოდა და მხოლოდ მეგობარი პროდიუსერის რობინ გრინის წყალობით გადაიფიქრა, რომელმაც ხანგრძლივი კამათის შემდეგ დაარწმუნა, რომ მრავალსერიიან ფორმატში მუშაობა ბევრად წარმატებული და მომგებიანი იქნებოდა.
„დამზადებულია ნიუ-ჯერსიში“ - სწორედ ამ სახელით გეგმავდა HBO სერიალის გამოშვებას, რადგან შიშობდა, რომ „სოპრანოს კლანს“ ამერიკელი მაყურებელი მუსიკალურ ფილმად მიიჩნევდა, რაც ნეგატიურად აისახებოდა პროექტის რეიტინგზე. პრობლემის მოგვარება მხატვრებმა ითავეს, რომელთაც გრაფიკული პისტოლეტის გამოყენებით აქციეს სათაურის ტიტრი მეტად ორიგინალურ მინიშნებად. სხვათა შორის, პირველი სეზონის შესავალ ტიტრებში ტონი სოპრანოს მანქანის სარკეში კარგად ჩანს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენები, რომელიც ცნობილი ტერაქტის შემდეგ მშენებლობის ხედებმა ჩაანაცვლა.
მართალია, ჩეიზს განსხვავებული მუსიკალური კომპოზიციით სურდა ყოველი ახალი სეზონის და ეპიზოდის დაწყება, მაგრამ არხის ხელმძღვანელობამ ნაკლებად მოიწონა მსგავსი მრავალფეროვნება და პროდიუსერებს ერთი მუსიკალური თემის შერჩევა მოსთხოვა, რომელთაც ბრიტანული ჯგუფის Stereo MC's-ის სიმღერა Connected აირჩიეს და სერიალის „სავიზიტო ბარათადაც“ აქციეს.
საინტერესო კომპოზიცია - 1980-იანი წლების ჰიტი Don’t Stop Believin შეირჩა ფინალური ეპიზოდისთვისაც, თუმცა ჯგუფის Journey-ის წევრები აღმოჩნდნენ წინააღმდეგი, რადგან არ მოინდომეს რომ მათი ნამუშევარი განგსტერულ სერიალთან, საეჭვო რეპუტაციის პერსონაჟებთან ყოფილიყო ასოცირებული და მხოლოდ ჩეიზთან ხანგრძლივი მოლაპარაკების, სცენარის გულდასმით გაცნობის შემდეგ დათანხმდნენ საკუთარი კომპოზიციის დათმობას.
სერიალისთვის არა სტუდიური, არამედ ბუნებრივი დეკორაციები - რეალური ბარები, რესტორნები, საცხოვრებელი სახლები და ოფისები შეირჩა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყოველი სერიის გადაღება საშუალოდ 2 მილიონი დოლარი დაჯდა, რამაც პროექტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სერიალად აქცია, შემოქმედებითი ჯგუფი კი, სწრაფად გასცდა ნიუ-ჯერსის საზღვრებს და იტალიაშიც სიამოვნებით იმოგზაურა.
* * *
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე Cosa Nostra-ზე შექმნილ სერიალში თითქმის ყველა მსახიობი იტალო-ამერიკელია, რადგან როგორც დევიდ ჩეიზმა განაცხადა, „მხოლოდ იტალიელებს შეუძლიათ იტალიელების გაგება და მათი ხასიათის, ტემპერამენტის გულწრფელად და დამაჯერებლად გადმოცემა“.
მართალია, სოპრანოს როლზე პროექტის ავტორს რეი ლიოტას მიწვევა სურდა, მაგრამ მსახიობმა უარი თქვა შეთავაზებაზე, რადგან სერიალში მონაწილეობა კარიერისთვის წამგებიან სვლად ჩათვალა, ჯეიმს განდოლფინი კი, მხოლოდ რობინ გრინის წყალობით მოხვდა პროექტში, რომელმაც მსახიობი ტონი სკოტის დრამის „ნამდვილი სიყვარულის“ ნახვის შემდეგ მიიწვია და არც შეცდა, რადგან განდოლფინიმ მართლაც იდეალურად მოირგო მაფიის ბოსის სახე. სხვათა შორის, როლისთვის მზადებისას მსახიობმა მთელი 30 კილოგრამით მოიმატა წონაში და ხანგრძლივი კურსი გაიარა მეტყველების, ხმის ტემბრის შესაცვლელად.
ტონი სირიკო მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა პოლ გალტიერის როლის შესრულებას, თუ მისი პერსონაჟი არასდროს გახდებოდა პოლიციის ინფორმატორი და არ დაარღვევდა განგსტერთა ე.წ. „ღირსების კოდექსს“. აღსანიშნავია, რომ სამსახიობო კარიერამდე სირიკომ საკუთარ თავზე გამოცადა ციხის მძიმე ცხოვრება, რადგან რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული, 1970-იანი წლების დასაწყისში კი, 5-წლიანი სასჯელი მოიხადა შეიარაღებული თავდასხმისთვის და მხოლოდ ყოფილი პატიმრების თეატრალური დასის გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ კრიმინალის განსახიერება ბევრად უსაფრთხო და მომგებიანი იყო, ვიდრე რეალური დანაშაულისთვის პასუხისგება.
სერიოზულ უსიამოვნებებში გაეხვა „უმცროსი სოპრანოც“, როცა 2001 წელს მარიხუანას მოხმარებისა და ბრაზილიელი ტურისტების შეიარაღებული ძარცვისთვის დააპატიმრეს, თუმცა დანაშაულის აღიარების შემდეგ რობერტ აილერმა მხოლოდ რამდენიმეწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო. სხვათა შორის, 2005 წელს გამოცემის TV Guide-ის რეიტინგში აილერმა საპატიო მეათე ადგილი დაიკავა „ტელევიზიის 10 საუკეთესო ლაწირაკს“ შორის.
ცნობილი გიტარისტი სტივ ვან ზანდტი, რომელიც ჯგუფის E Street Band შემადგენლობაში აკომპანირებდა ბრიუს სპრინგსტინს, მხოლოდ ჩეიზის დაჟინებული თხოვნით შეუერთდა პროექტს, რომელიც იმდენად დიდ პატივს სცემდა მუსიკოსის შემოქმედებას, რომ ტონი სოპრანოს როლიც კი შესთავაზა, თუმცა უარზე აღმოჩნდა თავად ვან ზანდტი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილება ნაკლები პროფესიონალიზმით ახსნა და ჩეიზს ბევრად გამოცდილი მსახიობის შერჩევა ურჩია, თვითონ კი, სოპრანოს „კონსილიერის“ სილვიო დანტეს როლს დასჯერდა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა.
სამწუხაროდ, ლივია სოპრანოს როლის შემსრულებელი ნენსი მარშანი 2000 წლის 18 ივნისს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ დაბადების დღეზე, პირდაპირ გადასაღებ მოედანზე. პროდიუსერებს ძალიან გაუჭირდათ სერიალის სიუჟეტის შეცვლა, ვეტერანი მსახიობის ჩანაცვლება და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით - ძველი კადრების დუბლიორის კადრებთან გაერთიანებით კიდევ რამდენიმე სერიაში შეინარჩუნეს დონნა სოპრანო. თუმცა, რეალურ-ვირტუალური პერსონაჟის შექმნაზე, რომლის პროტოტიპად თავად ჩეიზის დედა იქცა, HBO-მ 250 ათასი დოლარი და მთელი ორი კვირა დაიხარჯა.
როგორც აღმოჩნდა, ტონი სოპრანოს მსგავსად, ჩეიზსაც საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, პრობლემის მოგვარება კი, მეტად ორიგინალური ხერხით - ეკრანზე გადატანით სცადა. წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით შექმნა სერიალის ავტორმა ჯენიფერ მელფის სახეც, რადგან თვითონაც ხშირად სტუმრობდა ფსიქოანალიტიკოსს და კარგად იცოდა, რომ სწორედ ასე შეიძლებოდა ტონი სოპრანოს შინაგანი სამყაროს და რეალური განცდების ყველაზე კარგად გადმოცემა.
აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი ჯგუფის ინდივიდუალურ ნომინაციებსა და პრემიებს, არც თავად სერიალი ჩამორჩა, რომელიც ექვსი სეზონის მანძილზე 56-ჯერ იქნა ნომინირებული „ემის“ პრემიაზე, რაც ერთგვარი რეკორდია ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში.