ერთი ლიტრი ბენზინის იმპორტი საქართველოს 50 თეთრით გაუძვირდა, შესაბამისად ნავთობიმპორტიორები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასი ერთ კვირაში კიდევ მოიმატებს. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც, 1-ლი მარტიდან, საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის მომატებაც დაერთო, რამაც შესასყიდი ფასი გაზარდა. როგორც ნავთობიმპორტიორები ამბობენ, გაძვირებული საწვავის ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია და ადგილობრივ ბაზარზე, ერთი კვირის ვადაში, ფასი დაახლოებით, 10-15 თეთრით კიდევ მოიმატებს. მას შემდეგ, რაც რუსეთიდან საწვავი აღარ შემოდის, ადგილობრივი ბიზნესისთვის საწვავის მთავარი მომწოდებელი ბულგარეთია. შედარებით მცირე რაოდენობით საწვავი შემოდის საბერძნეთიდან და ბელორუსიდან. როგორ შეიცვალა 1 მარტის შემდეგ სურათი ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე, ოფიციალურ სტატისიკას ალბათ უკვე მიმდინარე თვის განმავლობაში უნდა ველოდოთ.