საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე.
მისივე თქმით, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც „რესურსულად ძლიერი და ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციებია, 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ“.
„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის სიცრუე. ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე, ესენი არიან ყველაზე რესურსულად ძლიერი და ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდანაც გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ. კერძოდ, მთლიანი თანხა, რაც ნაჩვენები იყო, ოღონდ დეტალების გარეშე, 85 მილიონ 400 ათასი ლარი იყო, ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ ამდენი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობის და კონკრეტული წყაროების თაობაზე არ გვაქვს. აქედან დეტალური ინფორმაცია მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით გვაქვს, ანუ 15 მილიონ 400 ათას ლართან დაკავშირებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონზე მეტიდან მინიმუმ 70 მილიონი მათ აქვთ დახარჯული ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალე, არავითარი ინფორმაცია არ აქვს მთავრობასაც კი ამასთან დაკავშირებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისთავად ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, ამიტომ მე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ნული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოებას და მთავრობას არ აქვს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებზე და ასევე, მათ მიერ დახარჯულ თანხებზე.
„გარდა ამისა, მათი ხარჯებიდან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში, აქ არ შედის მაგალითად, სამივლინებო ხარჯები, ოფისის ქირის უდიდესი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები, რაც არის საკმაოდ დიდი მოცულობა. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ 90%-ზე ბევრად მეტი მათ მიერ დახარჯული თანხების არის სრულიად გაუმჭვირვალე. არამარტო საზოგადოებისთვის არის პრაქტიკულად სრულიად გაუმჭვირვალე, ასევე, მთავრობისთვისაც კი არის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რისთვის დაფინანსდა შესაბამისი ორგანიზაციები. არის ერთ-ერთი ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც 0,4% აქვს მხოლოდ დეკლარირებული, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა ექსტრემიზმით და მათ აქვთ ნული საერთოდ ნაჩვენები, საიდან და რა მიზნით მიიღეს დაფინანსების სახე“, - განაცხადა კობახიძემ.