მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონის მიღების შედეგად 145 ათასს ფიზიკურ პირს ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.
კობახიძემ გადაწყვეტილების მომზადებისთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე მივიღეთ.
დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომელთაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ. გამომდინარე აქედან, მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოვწეროთ დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.
145 ათასს ჩვენს თანამოქალაქეს ექნება საშუალება, რომ ეკონომიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს, რაც ეკონომიკის განვითარებას წაადგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.