პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, ინიცირებისათვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება. აღნიშნული კანონპროექტი "ქართული ოცნების" სახელითაა რეგისტრირებული. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაწვეული პროექტის ანალოგია. კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.