8 აპრილს პარლამენტის ბიუროს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტად "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი წარედგინება. ორივე პროექტი ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე ინიცირდება და განსახილველად კომიტეტს გადაეცემა. ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს. ალტერნატიული კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას. ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა აკრძალულია და ისჯება "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული წესით - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ამავე პროექტით, იგივე ქმედება, რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" ალტერნატიული პროექტის ინიციატორები პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები: - ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და თეონა აქუბარდია არიან.