გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სამტრედიაში, 2 აპრილს, ახალგაზრდა კაცი არა მეუღლემ, არამედ, მისმა ცოლისძმამ მოკლა.
უწყების ცნობით, გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.
„საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე, გამოძიებით დადგენილი ახალი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა და 1 პირს ბრალდება დაუზუსტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.
სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე), ხოლო კიდევ ერთ პირს - ასევე 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რაც შეეხება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ მოკლული პირის მეუღლეს, მას სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.