საქართველო რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველო ნატო-ს 12 წევრ და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად Sea Shield 24 საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუმინეთში 8-21 აპრილს გაიმართება.
რუმინეთისა და საქართველოს გარდა საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, აშშ, თურქეთი და საფრანგეთი მიიღებენ.
წვრთნები შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე ჩატარდება და მასში 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება. საზღვაო წვრთნების სცენარი სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, გასაჭირში მყოფი გემებისთვის დახმარების გაწევას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მოიცავს.