„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ აუცილებლად ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება ბექა ოდიშარიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე ამ მოთხოვნით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.
„ქართული ოცნების“ ქალთა სიძულვილის ნიშნით შერჩეული ქვედანაყოფის წარმომადგენელს მივმართავ კითხვით, რომელიც ახლა ტრიბუნასთან დგას, პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას შემდეგ კითხვაზე, ამ პარლამენტში ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არათუ დაჩქარებული წესით, საერთოდ არ შედის დღის წესრიგში, ქალების სიძულვილის ინიციატივა, რომელიც წარმოადგინეთ, რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ დაჩქარებული წესით მიიღება ამ პარლამენტში? თქვენთან შეკითხვა მაქვს, როგორც პარლამენტის წევრთან, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან, იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან უმრავლესობის წევრები. თქვენ უმრავლესობის ნაწილი ხართ უკვე ბატონო სანდო, უმრავლესობის ქვედანაყოფი ხართ. ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან ქართველ ქალებს ამ დარბაზში თუ არა? მე მაგალითად, აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და თქვენმა კოლეგა მეგრელიშვილმაც დღესვე. ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს“,-მიმართა სამადაშვილმა ტრიბუნასთან მყოფ სანდრო რაქვიაშვილს.