* ედიტ პიაფი -
ლეგენდარულმა მომღერალმა ედიტ პიაფმა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა და საფრანგეთის მთავარ სიმბოლოდ იქცა, პირველ რიგში უნიკალური ხმისა და შესრულების მანერით გაითქვა სახელი. საოცრად ძლიერი და ემოციური ვოკალის წყალობით პიაფი ყოველთვის ღიად, დაუფარავად გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს და თითქოს იმ ტრაგედიის დაძლევას ცდილობდა, რომელიც მთელი სიცოცხლე თან სდევდა.
სიღატაკეში დაბადებული ედიტი სიღატაკეშივე გარდაიცვალა, ახალგაზრდობაში შვილდაკარგულმა კი, ზრდასრულ ასაკში საყვარელი მამაკაცი დაკარგა, ბავშვობაში თვალის მძიმე დაავადებას, სიცოცხლის ბოლოს კი, სიმსივნეს და აუტანელ ტკივილს ებრძოდა. ამასთანავე პიაფმა, რომელიც ორ ავტოკატასტროფას და შვიდ ოპერაციას, სამ კომას, სუიციდის მცდელობას გადაურჩა და ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე გახდა დამოკიდებული, ფსიქიკური აშლილობის და სიგიჟის რამდენიმე შეტევა გადაიტანა, „ჩემი ცხოვრება საშინელი იყო, თუმცა ჩემი ცხოვრება საუცხოოც იყო, რადგან პირველ რიგში სწორედ ის - სიცოცხლე მიყვარდა“, - აღნიშნა უკანასკნელ ინტერვიუში პიაფმა, რომელმაც ღირსეულად გაუძლო ყველა სირთულეს და სინანულის გარეშე მიიღო უმძიმესი ბედი.
მართალია, სიმღერა La Vie en Rose („ცხოვრება ვარდისფერში“) პიაფის სავიზიტო ბარათად იქცა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ადრეულ ბავშვობაში ედიტი არა თუ ვარდისფერს, საერთოდ ვერაფერს ხედავდა, რადგან უსინათლო დაიბადა და მხოლოდ საოცრების წყალობით აეხილა თვალი.
* * *
ედიტ ჯოვანა გასონი 1915 წლის 19 დეკემბერს დაიბადა პარიზში, ნაკლებად წარმატებული მსახიობის ანიტა მაიერისა და აკრობატის ლუი გასონის ოჯახში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ლუი მოხალისედ წავიდა ფრონტზე და მარტო დატოვა ორსული ცოლი, რომელმაც დედას გადააბარა ახალშობილი ედიტი თვითონ კი გაუჩინარდა. ლუიმ მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ომიდან დაბრუნებულმა გაიგო, რომ გოგონა შეეძინა, ცოლმა კი, მიატოვა.
პატარა ედიტი აუტანელ პირობებში იზრდებოდა. ბებია ვერასდროს იცლიდა მცირეწლოვანი შვილიშვილისთვის, რომელსაც რძის ნაცვლად წყლით გაზავებულ ღვინოს უსხამდა ბოთლში, რათა ნაკლებად შეეწუხებინა ტირილით. მართალია, ნანახით შეძრწუნებულმა ლუიმ შვილი ნორმანდიაში, საკუთარ დედასთან წაიყვანა, მაგრამ ედიტს არც ამ შემთხვევაში გაუმართლა, რადგან მშვიდი და თბილი თავშესაფრის ნაცვლად ბებიის კუთვნილ საროსკიპოში აღმოჩნდა.
სწორედ იქ გაირკვა, რომ თანდაყოლილი კერატიტის გამო სამი წლის ედტი ვერაფერს ხედავდა. ხანგრძლივმა, თუმცა უშედეგო მკურნალობამ ბებიას ლიზიეში, წმინდა ტერეზას ეკლესიაში აიძულა უსინათლო შვილიშვილის წაიყვანა და მართალია, მადამ გასონს ნაკლებად სჯეროდა საოცრების, მაგრამ სწორედ ტაძარში აეხილა ექვსი წლის ედიტს თვალი.
* * *
სკოლაში ედიტმა მხოლოდ რამდენიმე წელი ისწავლა და ცხრა წლისამ მიატოვა, როცა სხვა ბავშვების მშობლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და არ მოინდომეს, რომ მათ შვილებს საროსკიპოში მცხოვრებ მოზარდთან ჰქონოდათ ურთიერთობა. ლუი იძულებული გახდა პარიზში წაეყვანა შვილი, სადაც თვითონ ქუჩაში აწყობდა წარმოდგენებს და დემონსტრირებდა აკრობატულ ნომრებს, ედიტი კი, გამვლელებისთვის მღეროდა. მოგვიანებით ედიტმა კაბარეში გადაინაცვლა, სადაც ყოველ საღამოს შეზარხოშებულ პუბლიკას ართობდა სახუმარო სიმღერებით, იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე ლუი დიუპონიც, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ, ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ დაშორდა.
20 წლის ედიტი ელისეს მინდვრებზე კლუბის მფლობელმა ლუი ლეპლემ შეიფარა, რომელიც ახალბედა მომღერლის პირველი მასწავლებელი გახდა და ჯერ რეპერტუარის შერჩევაში, მერე გამოსვლების ორგანიზებაში დაეხმარა. ამასთანავე, სწორედ ლეპლეს წყალობით შეიძინა ედიტმა „პიაფის“ სცენური ფსევდონიმი, რაც ფრანგულად „ბეღურას“ ნიშნავს.
მართალია, პიაფმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, კლუბიდან საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაინაცვლა და იმ პერიოდის ცნობილ მომღერლებთან ერთად მოაწყო გამოსვლები, მაგრამ წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან პოლიციამ სწორედ პიაფი დაადანაშაულა ტრაგიკულად დაღუპული ლეპლეს მკვლელობაში.
* * *
კრიზისის დაძლევაში პიაფს რაიმონ ასო დაეხმარა, რომელმაც მეურვეობა აიღო მომღერალზე და არა მხოლოდ მუსიკალური განათლება მისცა, არამედ კარგი მანერები, სასცენო ეტიკეტი ასწავლა და შესაფერისი იმიჯი შეურჩია. ასომ სპეციალურად ედიტისთვის დაწერა რამდენიმე სიმღერა, რომლებიც პარიზის ცნობილ მიუზიკ-ჰოლში შეასრულა პიაფმა და პუბლიკის მოწონებასთან ერთად კრიტიკის აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
საოცარი გამბედაობა გამოიჩინა ედიტმა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა იმ ნაცისტურ ბანაკებში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც ფრანგი სამხედრო ტყვეები იყვნენ. მომღერალი არა მხოლოდ კონცერტებს აწყობდა, არამედ ტყვეებთან ერთად ფოტოებსაც იღებდა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებულს იმ დახელოვნებულ სპეციალისტებთან მიჰქონდა, ვინც ყალბ მოწმობებს ამზადებდა, მერე კი, როგორც საკუთარ ავტოგრაფებს ისე გადასცემდა ტყვეებს და ბანაკიდან გაქცევაში ეხმარებოდა. როგორც ამბობენ, ნაცისტებს თავდაღწეული ტყვეები სიცოცხლის ბოლომდე ემადლიერებოდნენ პიაფს გადარჩენისთვის.
ომის დასრულების შემდეგ პიაფის პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა. მისი სიმღერები ერთნაირად შეიყვარა როგორც არისტოკრატულმა საზოგადოებამ, ისე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებმა, მომღერალს ერთნაირად უტყდებოდნენ სიყვარულში სახელმწიფო მოხელეები და 1950-იანი წლების ცნობილი ევროპელი ხელოვანები. სწორედ ამგვარმა პოპულარობამ უბიძგა პიაფს მასშტაბური გასტროლების მოწყობა მთელ მსოფლიოში, სადაც ისევე აღაფრთოვანა პუბლიკა, როგორც სამშობლოში.
ამერიკაში მოგზაურობისას ედიტმა შემთხვევით გაიცნო ფრანგი მოკრივე მარსელ სერდანი, რომელიც ერთდროულად იქცა მის უდიდეს სიყვარულად და უმძიმეს ტრაგედიად, რადგან სერდანი, რომელიც სწორედ ედიტთან შესახვედრად მიფრინავდა ნიუ-იორკში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. პიაფმა მძიმედ განიცადა საყვარელი მამაკაცის დაკარგვა და ალკოჰოლს მიეძალა.
მართალია, ედიტმა შეძლო დეპრესიისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, მაგრამ 1953 წელს თავად მოყვა ავტოკატასტროფაში და რამდენიმე მძიმე ოპერაცია გადაიტანა. საშინელ ტკივილს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა პიაფი მხოლოდ მორფის საშუალებით იყუჩებდა, რამაც ნარკოტიკებზე აქცია დამოკიდებული.
მოგვიანებით ნარკოდამოკიდებულებას ჯერ ართრიტი, მერე სიმსივნე დაემატა, რამაც საბოლოოდ დაანგრია მომღერლის ჯანმრთელობა, თუმცა სცენაზე გამოსვლასა და პუბლიკისთვის სიმღერაზე პიაფი არასდროს ამბობდა უარს, რადგან როგორც თავად თვითონ ამბობდა, სწორედ თაყვანისმცემელთა სიყვარული აცოცხლებდა.
პიაფი 1963 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა და პარიზში დაიკრძალა, საფლავის ქვაზე კი, ნამდვილი სახელისა და გვარის ნაცვლად სცენური ფსევდონიმი დაიწერა, რადგან, სწორედ ედიტ პიაფის სახელით მოიპოვა მსოფლიო აღიარება და მილიონობით ადამიანის სიყვარული.