საქართველოს პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა და თქვა, რომ გასულ წელს, იმავე შინაარსის კანონპროექტის წინააღმდეგ, ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა. როგორც მან განაცხადა, საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ისტორიული შანსი აქვს და ამერიკული მხარე მზადაა, რომ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს. გარდა ამისა, ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომელთაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და ოპოზიციის ჩახშობის მიზნით იყენებს. ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროკავშირში მის მომავალს ზიანს მიაყენებს.