„ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ, ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში მაინც დააინიცირა. როგორც ქვეყნის მთავარი კანონმდებელი განმარტავს, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოებისათვის დასამალი არაფერი აქვთ, გამჭვირვალობაში პრობლემას არ უნდა ხედავდნენ. „პალიტრანიუსთან“ საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზოგადოებრივ საქმეს აკეთებენ, ხალხს საკუთარი დაფინანსების წყაროზე ინფორმაცია უპრობლემოდ უნდა მიაწოდონ. პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვა „რუსულის” გამოყენებას „ტყუილი და პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა. პაპუაშვილის ამ მოსაზრებას მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ. „ქართული ოცნება“ ამ პროექტის კანონად ქცევას საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე გეგმავს.