ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 736-ს აღწევს. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხდა, რის გამოც კუნძულსა და მის მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტაივანის ქალაქ ჰუალიენის სამხრეთით დაახლოებით 18 კილომეტრში მდებარეობს. BBC-ი ტაიბეის სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსები და განადგურებული ავტომობილები ჩანს. მედიის ინფორმაციით, ადამიანების ევაკუაცია სახლებიდან და სკოლებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს.