ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში უკრაინის გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერაზე იმსჯელებენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ორდღიან მინისტერიალზე უკრაინის დახმარებისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობის ხუთწლიანი ფონდის შექმნის წინადადება განიხილება. მედიის ცნობით, იენს სტოლტენბერგის ინიციატივა უკრაინისთვის რამშტაინის ჯგუფის ფარგლებში, იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების კოორდინაციაში ნატო-ს როლს გააძლიერებს. ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების ლეტალური იარაღი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მიაწოდეს. მედიასაშუალებასთან საუბარში დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ინიციატივის განხილვა ჯერ საწყის ეტაპზეა და შედგება თუ არა 100 მილიარდი ევროს ოდენობის თანხაზე შეთანხმება გაურკვეველია. შეგახსენებთ, ნატო-ში გადაწყვეტილების მისაღებად ალიანსის 32 წევრის კონსენსუსია საჭირო. ორდღიან მინისტერილზე ლიდერები ნატო-ს დაარსების 75 წლისთავსაც აღნიშნავენ და ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხებს განიხილავენ.