“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი პრობლემა პოლიტიკური თვალთმაქცობაა - მისი რეალური დანიშნულება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა, რომელიც დელეგატად წოდებულ დეპუტატს ისეთივე მაჟორიტარად წარმოიდგენს, ვისთანაც მას მანამდე ურთიერთობა ჰქონდა, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ტრიბუნიდან “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
უსუფაშვილის განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე მმართველი პარტია შეეცდება, რეგიონებში დელეგატის სტატუსით მივლენილი “შეძლებული პირების“ მეშვეობით, რომლებიც წარსულში მაჟორიტარები იყვნენ, მეტი ხმები და“საარჩევნო ხეირი“ მიიღონ.
მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები რეალურ ცხოვრებაში არაფერს ცვლის და დეპუტატს, რომელსაც საარჩევნო სიაში “დელეგატი“ ეწერება, არავითარი დამატებითი იურიდიული თუ ადმინისტრაციული უფლებამოსილება არ ექნება.
“ეს არის განწირული სულისკვეთება, რომ იქნება აქაც რაღაცა მოვციცქნოთ და უკეთესი შედეგი მივიღოთ, ამისთვის ამომრჩეველი შეცდომაში შევიყვანოთ და ყოფილი მაჟორიტარებისგან მაქსიმუმი ამოვწუროთ - არაფერ შუაშია აქ ამომრჩევლისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინტერესი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით იხილავს.