მეორადი სამოსის გლობალური ბაზარი 18%-ით გაიზარდა და 197 მლრდ დოლარს მიაღწია. ე.წ. second-hand-ის ბაზარი გასულ წელს ტრადიციულ საცალო ვაჭრობაზე უფრო სწრაფად იზრდებოდა. ამის შესახებ მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტპლეის ThredUp-ის ანგარიშში წერია. კერძოდ, ThredUp-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ 2023 წელს second-hand-ის გლობალური ბაზარი, 2022 წელთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და მისმა ბრუნვამ 197 მლრდ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ზრდა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტანსაცმლის საცალო ვაჭრობაზე, დაახლოებით, სამჯერ უფრო სწრაფად გაგრძელდება და 2028 წლისთვის 350 მლრდ დოლარს მიაღწევს. ThredUp-ის მიხედვით, აშშ-ში 2023 წელს მეორადი ტანსაცმლის ბაზარი 11%-ით, 43 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც, ტანსაცმლის საერთო ბაზართან შედარებით, შვიდჯერ უფრო სწრაფი ზრდაა. ანალიტიკოსების მიერ გამოკითხულ მომხმარებელთა 60%-ს მიაჩნია, რომ სახსრებს ყველაზე მეტად second-hand-ის მაღაზიებში საქონლის ყიდვით ზოგავენ, ხოლო გამოკითხულთა 55%-მეორადი ნივთების შეძენით ფულის დაზოგვას მომავალშიც გააგრძელებს, თუ მათი შემოსავალი არ გაიზრდება და მსოფლიოში ეკონომიკური პირობები არ გაუმჯობესდება.