„ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 600 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ისრაელელი ჯარისკაცი, 20 წლის ნადავა კოენი დაიღუპა. ამავე ცნობით, ქვეყანამ ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულა და ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში 200-მდე ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათვე იარაღი და საბრძოლო მასალაც ამოიღეს. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა და ღაზაში წაიყვანა 250-მდე ადამიანი.