რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს ბომბებსა და გამანადგურებლებს გადასცემს. ინფორმაციას პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, სამხედრო დახმარების პაკეტში 2300-მდე ბომბი და 25 გამანადგურებელი შევა. მედიის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. 28 მარტს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცების ოჯახებთან შეხვედრისას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება.