14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც არასრულწლოვანი გოგონას ნიშნობის ფაქტია ასახული. როგორც საქმის პროკურორი ხატია გოგრიჭიანი აცხადებს, ვიდეოჩანაწერში ჩანს აითაჯ შახმაროვას დედაც, რითაც დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო არასრულწლოვანი შვილის ნიშნობა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული დედა სხდომის დახურვას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.