* ფარელ უილიამსი -
ფარელ უილიამსის შემოქმედებამ არა მხოლოდ რეპისა და ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა შორის მოიპოვა პოპულარობა, არამედ ცნობილი შემსრულებლების პატივისცემაც დაიმსახურა, რადგან 20-წლიანი კარიერის მანძილზე ნიჭიერმა მუსიკოსმა რამდენიმე ათეული კომპოზიცია შექმნა კოლეგა მუსიკოსებისთვის, თუმცა მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და მოდის ინდუსტრიაშიც მოსინჯა შესაძლებლობები, სადაც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა.
* * *
ფარელ უილიამსი 1973 წლის 5 აპრილს დაიბადა ვირჯინიის შტატის საკურორტო ქალაქ ვირჯინია-ბიჩში და ადრეული ასაკიდანვე შეიყვარა მუსიკა, მით უფრო, რომ მშობლები, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო მუსიკასთან, რადგან მამა მტვირთავი იყო, დედა კი, პედაგოგად მუშაობდა, მაქსიმალურად ცდილობდნენ შვილების - ფარელის და მისი სამი უფროსი ძმის შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. ასე რომ, უილიამსის მუსიკალური კარიერა მეტწილად სწორედ მშობლებმა განსაზღვრეს.
მუსიკოსის განცხადებით, ყოველთვის იმ ადამიანებთან ცდილობდა დამეგობრებას, ვისთანაც საერთო ინტერესები ჰქონდა, ამიტომ სწორედ მეგობრების წყალობით ისწავლა მცირეწლოვანმა ფარელმა ფორტეპიანოსა და დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა, 13 წლისამ კი, ჩად ჰიუგო გაიცნო საზაფხულო ბანაკში, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი და შემოქმედებითი პარტნიორი გახდა.
* * *
1990 წელს მოზარდებმა ჯგუფი The Neptunes შექმნეს და ჯერ სკოლაში მოიპოვეს პოპულარობა, მერე კონკურსებზე გადაინაცვლეს და მთელ ქალაქში გაითქვეს სახელი. წარმატების მიუხედავად, უილიამსი და ჰიუგო არ თვლიდნენ საკუთარ თავს პროფესიონალებად, ამიტომ ნაკლებად ფიქრობდნენ საკუთარი შემოქმედების - მეტწილად ჰიპ-ჰოპისა და R&B-ის სტილში შექმნილი კომპოზიციების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას, თუმცა პროდიუსერმა ტედ რაილიმ სწრაფად დაარწმუნა ახალბედა მუსიკოსები, რომ ბევრად მეტს იმსახურებდნენ და კონტრაქტის გაფორმებაც შესთავაზა საკუთარ სტუდიასთან.
მართალია, Neptunes რამდენიმე სინგლი ჰქონდა, მაგრამ ჯგუფის წევრებმა მაინც ცნობილი მომღერლებისთვის მუშაობა და მათთვის კომპოზიციების შექმნა ამჯობინეს. მაგალითად, 19 წლის ასაკში ფარელმა ჯგუფისთვის Wrecks-n-effect-სთვის დაწერა სიმღერა Rump Shaker, რომელიც ჩარტებში მოხვდა და პოპულარობა მოიპოვა, უილიამსი კი, საკუთარ საკომპოზიციო შესაძლებლობებში დაარწმუნა.
* * *
თამამი ექსპერიმენტებისა და ორიგინალური არანჟირებების წყალობით უილიმსისა და ჰიუგოს შემოქმედებითი დუეტი სწრაფად დაწინაურდა. ახალგაზრდა მუსიკოსები მეტწილად ელექტონული ფანკის, ტრადიციული ამერიკული სოულისა და ეთნიკური მოტივების ფონზე ქმნიდნენ კომპოზიციებს, რითაც ისეთი ცნობილი შემსრულებლები დაინტერესდნენ, როგორებიც ჯასტინ თიმბერლეიკი, გვენ სტეფანი, მერაია ქერი და ბრიტნი სპირსი არიან.
* * *
2002 წელს უილიამსმა და ჰიუგომ ჯგუფი N.E.R.D. შექმნეს. მართალია, The Neptune-ისგან განსხვავებით, რომელიც მეტწილად პროდიუსერულ პროექტს წარმოადგენდა, ახალი ჯგუფი დამოუკიდებლად მუზიცირების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ ნაკლებად გაამართლა სადებიუტო ალბომმა In Search Of, რომელმაც ვერც კომერციული მოგება ნახა, ვერც ჩარტებში დაწინაურდა და მხოლოდ 56-ე პოზიციას დასჯერდა.
ჯგუფი რამდენიმე წლის შემდეგ დაიშალა, უილიამს-ჰიუგოს დუეტმა კი, მორიგი პროექტი წამოიწყო და საკუთარი ლეიბლი Star Trak შექმნა, რომლის მთავარ მისიაა დამწყები რეპერების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. იმავე წელს გადაწყვიტა ფარელმა სოლო კარიერის დაწყება და პუბლიკას სადებიუტო სინგლი Can I Have It Like That წარუდგინა, რასაც ერთი წლის შემდეგ პირველი ალბომი In My Mind მოჰყვა. უილიამსის განცხადებით ალბომის შექმნა გვენ სტეფანის შემოქმედებამ და ენერგეტიკამ შთააგონა, რომელსაც ყოველთვის საკუთარ მუზად თვლიდა.
* * *
2013 წელს, კომპოზიციით Happy, რომელიც მეორე ალბომში G I R L-ში შევიდა, პრაქტიკულად ახალი ეტაპი დაიწყო მუსიკოსის შემოქმედებაში, რადგან სრულიად განსხვავებულად შეაფასა პუბლიკამ. მსმენელის წინაშე არა უბრალოდ რეპერი წარსდგა, რომელიც მანამდე მხოლოდ სხვა ცნობილი მომღერლების კლიპებში ჩნდებოდა, არამედ თანამედროვე მუსიკის შემქმნელი მეტად თვითმყოფადი მუსიკოსი, რომლის კომპოზიციები მსუბუქი ტექსტით, რიტმულობითა და სასიამოვნო ვოკალით გამოირჩეოდა.
* * *
გასული წლის თებერვალში უილიამსი, რომელსაც მუსიკალურ ნიჭთან ერთად არაჩვეულებრივი გემოვნება და დიზაინერული ტალანტი აღმოაჩნდა, Louis Vuitton-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა. მუსიკოსმა მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი ჩაიბარა და პირველი კოლექცია შექმნა, რომლის ჩვენება ნოემბრის თვეში გაიმართა ჰონგკონგში.
გრანდიოზული შოუ, რომელმაც ერთიანად დაჩრდილა მანამდე მოწყობილი ყველა დაფილე, ჰოლივუდის დიდების ხეივნის აზიურ ანალოგად ქცეულ, ე.წ. ვარსკვლავების ავენიუზე მოეწყო. პერფორმანსმა 1200-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა და ერთგვარი ტროპიკული კურორტის ატმოსფერო შექმნა, რადგან პირდაპირ პოდიუმზე მოეწყო პლაჟი თავისი პალმებითა და ოქროსფერი ქვიშით.
„უილიამსი ნამდვილი ნოვატორია, რომლის შემოქმედებამ მუსიკა და მოდის ხელოვნება გააერთიანა, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ხვალ და რა სიახლეს შემოგვთავაზებს შემოქმედი, რომელმაც სულ რაღაც 20 წელიწადში მოახერხა მსოფლიო მასშტაბის საკულტო ფიგურის სტატუსის მოპოვება“, - აღფრთოვანებით აღნიშნეს ჟურნალისტებმა, რომლებიც საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, როცა ცნობილი ბრენდის მფლობელებმა არაპროფესიონალს ჩააბარეს მოდის სახლის ხელმძღვანელობა, თუმცა უილიამსმა დაამტკიცა, რომ მთავარი არა განათლება, არამედ ნიჭი და კარგი გემოვნებაა.