* ფრენკ სინატრა -
ფრენკ სინატრა, რომელმაც მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული ამერიკელი შემსრულებლის ტიტული დაიმსახურა, უამრავი პრესტიჟული პრიზისა და პრემიის მფლობელი გახდა, რადგან არ დასჯერდა წარმატებული მუსიკოსის კარიერას და კინოინდუსტრიაშიც მოსინჯა შესაძლებლობები მსახიობის, რეჟისორისა და პროდიუსერის რანგში. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე სინატრამ „გრემის“ 11 პრემია, „ოსკარი“ და 4 „ოქროს გლობუსი“ მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, 1997 წელს კი, შეერთებული შტატების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი - კონგრესის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
სინატრამ, რომელიც 1930-იანი წლების ამერიკული პოპულარული მუსიკისთვის დამახასიათებელ - ქრუნინგის საშემსრულებლო მანერას ანიჭებდა უპირატესობას, პირველ რიგში, ინტონაციური ფრაზირების ვირტუოზული ტექნიკის, ყოველი სიტყვისა და ბგერის გამოკვეთილი არტიკულაციისა და, „ხავერდოვანი“ ხმის წყალობით გაითქვა სახელი.
60-წლიანი კარიერის მანძილზე მუსიკოსმა 2 ათასზე მეტი კომპოზიცია შეასრულა სტუდიაში, კონცერტებზე და თითქმის 50 ქვეყანაში იმოგზაურა გასტროლებით, მისი ჩანაწერები კი, 150 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა მთელ მსოფლიოში.
სინატრა, რომელიც ნამდვილ ლეგენდად იქცა და მთელი ეპოქა შექმნა, არა მხოლოდ მუსიკალური სამყარო, არამედ მე-20 საუკუნის მთელი ამერიკული კულტურა შეცვალა. მეტიც, 1998 წლის 14 მაისს - მუსიკოსის გარდაცვალების დღეს, New York Times-მა სინანულით აღნიშნა, „დაივიწყეთ კალენდარი, რადგან სინატრის გარდაცვალებით მე-20 საუკუნე დასრულდა!“
* * *
ფრენსის ალბერტ სინატრა 1915 წლის 12 დეკემბერს დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ჰაბოკენში, მონრო-სთრითის მრავალსართულიანი სახლის მეორე სართულზე. გართულებული მშობიარობის შედეგად დაბადებული ფრენკი, რომელიც არ სუნთქავდა და ძალიან უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, ოჯახის ექიმმა სამზარეულოს მაგიდაზე დატოვა, რადგან ჩათვალა, რომ დაიღუპა და მისი დედის გადარჩენა სცადა. თუმცა ახალშობილის მიტოვება არ ისურვა მისმა ბებიამ, რომელმაც ჩვილი ცივი წყლით სავსე ჯამში ჩააწვინა. შედეგმა არ დააყოვნა, ფრენკმა მთელი ხმით დაიყვირა და როგორც მოგვიანებით ხუმრობით აღნიშნა, „სიმღერით ამცნო სამყაროს საკუთარი დაბადება“.
* * *
უზარმაზარი პოპულარობის და ქალბატონების თაყვანისცემის მიუხედავად, სინატრას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა საკუთარი გარეგნობა, რადგან ერთის მხრივ, რთულად დაბადების ანაბეჭდი - იარა სახის მარცხენა მხარეს ტუჩიდან ნიკაპამდე არ ასვენებდა, მეორეს მხრივ, დაზიანებული ყური და გამონაყარი სახეზე, რომლის მიზეზი დიდხანს ვერ გაიგეს მედიკოსებმა. მართალია, მომღერალი, რომელსაც არც საკუთარი სიმაღლე მოსწონდა, მაქსიმალურად ცდილობდა იარის გრიმით შენიღბვას, მაგრამ საშინლად ღიზიანდებოდა, როცა ფოტოგრაფები მარცხენა მხრიდან იღებდნენ.
* * *
მართალია, აღიარება სინატრამ ძალიან სწრაფად მოიპოვა, მაგრამ პუბლიცისტის ჯორჯ ევანსის მტკიცებით, ქალბატონების სიყვარული მუსიკოსმა ერთგვარი თაღლითობით მოიპოვა. ევანსის განცხადებით, სინატრას მეგობარმა და იმპრესარიომ ჯონი გარავანტემ ერთგვარი ქასთინგი მოაწყო და რამდენიმე გოგონა დაიქირავა, რომელთაც ყველაზე ხმამაღლა შეძლეს ყვირილი. გოგონები 5 დოლარად დათანხმდნენ სინატრას ფანების განსახიერებას და თავგამოდებული ყვიროდნენ მის ყოველ გამოჩენაზე. ევანსის მტკიცებით, სწორედ ამგვარი ხრიკით მიიქცია სინატრამ ყურადღება და პირველ რიგში ახალგაზრდა პუბლიკის მოწონება დაიმსახურა.
* * *
სადებიუტო ალბიმი The Voice of Frank Sinatra, მუსიკოსმა 1946 წელს გამოუშვა, როცა ვინილის ფირფიტები უჩვეულო სიახლედ ითვლებოდა. მართალია, მელანქოლიური კომპოზიციების ნაკრები დაკარგულ და გაუზიარებელ სიყვარულზე საკმაოდ ძვირი - 2,5 დოლარი - დღევანდელი კურსით 50 დოლარი ღირდა, მაგრამ ფირფიტა მაინც რამდენიმე კვირაში გაიყიდა, ალბომი კი, მთელი შვიდი კვირა ლიდერობდა რადიოსადგურების ჩარტში.
* * *
სინატრას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი New York, New York, რომელიც მოგვიანებით მის სავიზიტო ბარათად და ნიუ-იორკის ჰიმნად იქცა, 1949 წელს ჩაიწერა და პირველად ფილმში „ქალაქში გასეირნება“ გაჟღერდა. კომპოზიცია ლეონარდ ბერშტეინის, ადოლფ გრინისა და ბეტი კოდმანის ავტორობით შეიქმნა, თუმცა 3 წლის შემდეგ მისი ახალი ვერსია ჩაიწერა, რომელზეც ჯონ კანდერმა და ფრედ ებმა იმუშავეს.
სწორედ კომპოზიციის მეორე ვარიანტი გამოიყენა 1977 წელს მარტინ სკორსეზემ საკუთარ ფილმში „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“, რითაც არა მხოლოდ ახალი სიცოცხლე შესძინა სიმღერას, არამედ მსოფლიო ჰიტად აქცია. კომპოზიციის მესამე, ოდნავ სახეცვლილი ვერსია კი, სინატრამ 1993 წელს ჩაწერა ტონი ბენეტთან ერთად.
* * *
1945 წელს სინატრამ ალბერტ მალტცის მოკლემეტრაჟიან ფილმში „სახლი, რომელშიც ვცხოვრობ“ მიიღო მონაწილეობა და სწორედ ამგვარი ფორმით გამოხატა საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება ანტისემიტიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის მიმართ. თუმცა, ერთი შეხედვით უბოროტო ფილმი რამდენიმე წლის შემდეგ სერიოზულ პრობლემად იქცა მუსიკოსისთვის, რადგან ლიბერალური შეხედულებებისთვის კომუნისტებისადმი სიმპათიაში დაადანაშაულეს.
მართალია, ოფიციალურად მუსიკოსს არასდროს მიუცია ჩვენება სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის, მაგრამ 1950-იან წლების ამერიკაში მიუღებელი ლიბერალიზმის გამო მაინც დაიმსახურა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და მისი შეფის ჯონ ედგარ გუვერის ყურადღება, რომელმაც პირადი საქმე მუსიკოსზე ერთ-ერთი რადიომსმენელის დასმენის საფუძველზე შექმნა. უცნობმა მსმენელმა ფედერალურ ბიუროში დარეკა და აღნიშნა, რომ ძალიან შეაშფოთა სინატრას გადაცემის და მისი თამამი შეხედულებების მოსმენამ, რადგან უამრავმა ადამიანმა შეიძლება გაიზიაროს მისი აზრი და საკმაოდ სოლიდური კომუნისტური პარტია შეიქმნას, რომელიც ერთიანად გაანადგურებს ამერიკულ ფასეულობებს“.
ამბობენ, თითქოს გუვერის აგენტები დიდხანს და გულდასმით უთვალთვალებდნენ სინატრას, პიკანტური ინფორმაციის და კომპრომატის მოპოვების შემდეგ კი, საკუთარ ორგანიზაციაზე აიძულეს ფარულად მუშაობა. მეტიც, გავრცელებული ხმების თანახმად, სინარტა, რომელიც ძმებ კენედებთან მეგობრობდა, მერლინ მონროს იდუმალებით მოცული დაღუპვის საქმეშიც აღმოჩნდა გარეული.
* * *
* „დიდი, პატარა ტყუილები“ და „ბასრი საგნები“ - ჟან-მარკ ვალეს საუკეთესო სერიალები -
მონრეალში, კვებეკის უნივერსიტეტში კინოხელოვნების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჟან-მარკ ვალემ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟანრში მოსინჯა შესაძლებლობები და სწრაფად მოიპოვა კოლეგების აღიარება. ხანმოკლე კარიერის მიუხედავად კანადელმა რეჟისორმა მაინც შეძლო რამდენიმე სერიოზული პროექტის განხორციელება, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო მისი ტელენამუშევრები - სერიალები „დიდი, პატარა ტყუილები“ და „ბასრი საგნები“ აღმოჩნდა.
* „დიდი, პატარა ტყუილები“, 2017 -
მართალია, ამერიკული სერიალების უმეტესობა იდეალურად აღწერს დიდი ქალაქის პრესტიჟული გარეუბნების ცხოვრებას, მაგრამ ხშირად რეალობა აბსოლუტურად არ შეესაბამება ეკრანზე ასახულ ილუზიას. სწორედ დამკვიდრებული ტრადიცია დაარღვია ტელესერიალმა „დიდი, პატარა ტყუილები“, რომელმაც ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრების ნაკლებად მიმზიდველ, მანკიერი მხარეები გამოააშკარავა და 2017 წლის ყველაზე განხილვად ტელეპროექტად იქცა.
* * *
დრამატული სერიალის „დიდი, პატარა ტყუილების“ სცენარი ლიანა მორიარტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა. მართალია, თავიდან HBO-ს მესვეურები ტელეფილმის გადაღებას გეგმავდნენ, მაგრამ მოცულობითმა მასალამ მრავალსერიან ფორმატზე აიძულა არჩევანის გაკეთება. სხვათა შორის, პოპულარული სერიალების მწარმოებელმა კომპანიამ არანაკლებ სერიოზული მეტოქე - Netflix დაჯაბნა, ეკრანიზაციაზე უფლების მოპოვების შემდეგ კი, ტელენოველაზე მუშაობა „დალასის მყიდველთა კლუბის“ რეჟისორს ჟან-მარკ ვალეს ჩააბარა, რომელმაც ლიტერატურული პირველწყაროს მოქმედება ავსტრალიიდან ამერიკაში გადაიტანა, კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეაში დაასახლა მთავარი პერსონაჟები და რამდენიმე შეცვალა პირვანდელი სიუჟეტი.
თავიდან ვალე სერიალის მხოლოდ ორი ეპიზოდის გადაღებას და სამუშაოს კოლეგა რეჟისორისთვის გადაბარებას გეგმავდა, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონების თხოვნით მთელი ხუთი თვე შეყოვნდა გადასაღებ მოედანზე და ულამაზესი პეიზაჟების, ბრწყინვალე დეკორაციებისა და გემოვნებიანი კოსტიუმების წყალობით შექმნა არაჩვეულებრივი სანახაობა ინტელექტუალური სერიალების მოყვარულთათვის.
* * *
მართალია, მაყურებელი სერიალის პირველსავე ეპიზოდში ებმება საქველმოქმედო წვეულებაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში, მაგრამ მსხვერპლის და მკვლელის ვინაობას მხოლოდ ბოლო ეპიზოდში გებულობს, მანამდე კი, ქალაქის იმ ბინადართა ისტორიებით კმაყოფილდება, რომლებიც გატაცებით მოუთხრობენ სამართალდამცავებს მკვლელობამდე მომხდარ მოვლენებზე.
ფილმის მოქმედება მხოლოდ რამდენიმე თვეს მოიცავს და იმ ხუთი მეგობარი ქალის პრობლემებით დატვირთულ ცხოვრებას აღწერს, რომლებიც თავისდაუნებურად ხდებიან იდუმალებით მოცული მკვლელობის მონაწილე. უფროსების შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვან სიუჟეტურ ხაზს ავითარებენ ბავშვებიც, რომლებიც სასწავლო წლის პირველ დღესვე ებმებიან კონფლიქტში და მშობლებსაც ახვევენ საკუთარ უსიამოვნებებში.
* * *
აღსანიშნავია, რომ ეპიზოდების სიმცირის მიუხედავად, სერიალმა მაინც შეძლო საინტერესო, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟების თავმოყრა და მათი ისტორიის სრულფასოვნად მოთხრობა.
რიზ უიზერსპუნის მადლენ მაკკენზიმ საკმაოდ ადრე იტვირთა საკუთარ თავზე მშობლის პასუხისმგებლობა და ვერ შეძლო განათლების მიღება, რასაც ძალიან განიცდის, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს ყველაფრით უზრუნველყოს მოზარდი ქალიშვილი ებიგნეილი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა უნდა, ამიტომ მეტად უჩვეულოდ ცდილობს თვითდამკვიდრებას. მადლენი ყოფილ მეუღლეზე - ნეიტანზეც ბრაზობს, რომელმაც ბავშვის დაბადებისთანავე მიატოვა და წლების მანძილზე არ დაინტერესებულა ქალიშვილის ცხოვრებით, მაშინ როცა მეორედ დაქორწინებული იდეალური მეუღლე და მამა გამოდგა. მეორედ გათხოვდა თავად მადლენიც, რომელსაც მართალია, ძალიან გაუმართლა, რადგან საოცრად მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე აღმოაჩნდა, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ მაინც მოასვენა და საბოლოოდ ღალატის მიზეზად იქცა.
სრულიად განსხვავებული პერსონაჟია ნეიტან კარლსონის ახალგაზრდა, ჭკვიანი და უკონფლიქტო მეუღლე ბონი - ზოი კრავიცის შესრულებით, რომელმაც მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მიუძღვნა. სხვათა შორის, ზოი ცნობილი მუსიკოსის ლენი კრავიცის ქალიშვილია, რომელთანაც ოდესღაც ნიკოლ კიდმანსაც ჰქონდა რომანი.
თავად კიდმანმა სელესტა რაიტი განასახიერა, რომელმაც ასაკის მიუხედავად მაინც შეძლო სექსუალურობის და ბუნებრივი შარმის შენარჩუნება. მართალია, წარსულში სელესტა წარმატებული იურისტი იყო, მაგრამ უარი თქვა კარიერაზე და მთელი ცხოვრება მეუღლეს, შვილებს მიუძღვნა. ნაცნობებისთვის სელესტა იდეალური დედისა და მეუღლის განსახიერებად იქცა, თუმცა სინამდვილეში, ყველაფრით კმაყოფილი ქალის იმიჯის მიღმა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იმალება.
სხვათა შორის, ნიკოლ კიდმანი, რომელიც გაეროს გლობალურ პროგრამებში მონაწილეობს, ყოველთვის აქტიურად იცავს ქალთა უფლებებს და ხმამაღლა ილაშქრებს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.
არაჩვეულებრივი ლორა დერნის პერსონაჟი რენატა კლეინი მონტერეას ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქალბატონია, რომელიც ყოველთვის თავისუფლად მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით. ჯეინ ჩეპმენი - შეილინ ვუდლის შესრულებით კი, რბილი, მოკრძალებული ახალგაზრდა ქალი და მარტოხელა დედაა, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო დანარჩენ ქალბატონებთან. ეჭვი, რომ ჯეინმა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანა, მოგვიანებით მართლდება, როცა მადლენთან და სელესტასთან დამეგობრებული გულწრფელად ჰყვება საკუთარ ისტორიას და აღიარებს, რომ თვითონ სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ძალიან ეშინია, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები მის შვილს - ზიგისაც გადაეცა მოძალადე მამისგან, რაშიც არც თუ უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ სკოლაში.
* * *
მრავალპლანიანი ტელეპროექტი მეტად სერიოზულ სოციალურ საკითხებს განიხილავს, რომელთა შორის უმთავრესი ოჯახური ძალადობა და თავად მსხვერპლია, რომელსაც არ სურს არასასიამოვნო რეალობის მიღება და საკუთარი ცხოვრების შეცვლა. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ცრურწმენა და ერთგვარი ტენდენციური აზროვნება, როცა პატარა გოგონას ჩაგვრაში საზოგადოება მარტოხელა ჯეინის შვილს - ზიგის ადანაშაულებს და არ უნდა დაჯერება, რომ აგრესორი შეძლებულ, ერთი შეხედვით წარმატებულ ოჯახში გაზრდილი ბავშვიც შეიძლება იყოს. სატირას დაემსგავსა ფილმში ქველმოქმედებაც, რადგან ძალადობის მსხვერპლთა დახმარების იდეას ებიგნეილი თავმომწონეობას უფრო ამსგავსებს, ვიდრე გულწრფელი მხარდაჭერის სურვილს.
* "ბასრი საგნები", 2018 -
რთული დრამების და ტრაგიკული პერსონაჟების მოყვარულმა ჟან-მარკ ვალემ, რომელმაც „დიდი, პატარა ტყუილების“ წყალობით მოიპოვა ფსიქოლოგიური კინოს ოსტატის სტატუსი, არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და მაყურებელს „ბასრი საგნების“, შიშებისა და ჰალუცინაციების დამთრგუნველ სამყაროში შესთავაზა მოგზაურობა.
* * *
მინი-სერიალის მოქმედება მისურის შტატის გამოგონილ ქალაქში უაინდ-გემპში ვითარდება, სადაც მოზარდი გოგონები იკარგებიან, სენტ-ლუისის ერთ-ერთი მსხვილი გაზეთიდან კი, მშობლიურ ქალაქში ჟურნალისტი კამილა პრიკერი ბრუნდება, რომელსაც საინტერესო რეპორტაჟის მომზადების სურვილი დესპოტ დედასთან და ბავშვობის მძიმე მოგონებებთან შეხვედრას აიძულებს.
კარგად ნაცნობი სტანდარტული სიუჟეტი „ბასრ საგნებს“ „ნამდვილ დეტექტივთან“ და „ტვინ პიქსთან“ ანათესავებს, რადგან წინამორბედების მსგავსად, ვალეს ფილმის ერთი შეხედვით მშვიდი, მწვანეში ჩაფლული, მომხიბვლელი ქალაქიც, სინამდვილეში უამრავ საიდუმლოს მალავს. სერიალის ავტორების განცხადებით, უინდ-გემპი არა კონკრეტული ადგილის ანალოგი, არამედ ამერიკის პატარა პროვინციული ქალაქების განზოგადოებული სახეა, სადაც ძალადობა და სისასტიკე ყოველთვის მოჩვენებითი კეთილდღეობით ინიღბება.
* * *
რვა ეპიზოდისგან შემდგარი ტრილერი ამერიკელი გილიან ფლინის ამავე სახელწოდების სადებიუტო რომანის მიხედვით შეიქმნა, რომელიც 2006 წელს ორი პრიზით აღნიშნა მწერალ-კრიმინალისტთა ბრიტანულმა ასოციაციამ. დეტექტივის ოსტატებმა პირველ რიგში ის აუჩქარებელი თხრობის მანერა მოიწონეს, რომლითაც ავტორმა საიდუმლოს ამოხსნა შესთავაზა მაყურებელს და არც ჟანრისთვის ჩვეული პერსონაჟებისგან რადიკალურად განსხვავებული, თვითგანადგურების მანიით შეპყრობილი მთავარი პერსონაჟი დაივიწყა.
* * *
პოპულარული, თუმცა საკმაოდ რთული რომანის ადაპტირება ჟან-მარკ ვალემ სანდენსის კინოფესტივალის პრიზიორი ფილმის „ძვლამდე“ ავტორს მარტი ნოქსონს მიანდო, რომელსაც უკვე ჰქონდა დესტრუქციულ, საკუთარი წონით უკმაყოფილო, ფიზიკურ განადგურებამდე მისულ პერსონაჟთან მუშაობის გამოცდილება,“ბასრ საგნებში“ კი, სულიერად გამოფიტული გმირი შექმნა, რომელიც სხეულის დამახინჯებით და ფიზიკური ტკივილით ცდილობს მძიმე განცდებისგან თავის დავიწყებას.
* * *
სამხრეთული გოთიკა და ერთსართულიანი ამერიკა, სასოწარკვეთილი დიასახლისები და მათი მდიდრული სახლები, უსაქმობით მოქანცული არისტოკრატები და მტრულად განწყობილი „თეთრი“ ფერმერები, სკოლის რიტუალები და საკვირაო მესები, დაკარგული მოზარდები და მათი დამახინჯებული სხეულები, ალკოჰოლს მიძალებული ჟურნალისტი და მომაბეზრებელი სპეცაგენტი დიდი ქალაქიდან - მართალია, სერიალის ავტორებმა ძველი და გაცვეთილი კლიშეები გამოიყენეს, რომლებიც მწერლებთან ერთად რეჟისორებმაც არაერთგზის გადაამუშავეს, ტელევიზიამ საკუთარი „ტვინ პიქსი“, ლიტერატურამ კი, იოკნაპატოფა შეიძინა, რომელიც უილიამ ფოლკნერის სამყაროდ იქცა, მაგრამ „ბასრი საგნები“ მაინც მოულოდნელ სიურპრიზად იქცა, რადგან დეტექტიური სტერეოტიპების მიუხედავად, ვალემ მაინც მოახერხა ნამდვილი ამერიკული საგის შექმნა, რომლის მთავარ თემად ტოტალურ ძალადობა აქცია.
პირდაპირ თუ ქვეტექსტით ძალადობაზე საუბრით „ბასრი საგნები“ პერსონაჟებთან ერთად მაყურებელსაც აუტანელ ტკივილს აყენებს, რადგან წამიერი ეპიზოდები კამილას წარსულიდან, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება და სწრაფადვე ქრება, აუცილებლად საზარელ სცენებს - სისხლით დასვრილ საავადმყოფოს იატაკს და კუბოში ჩაძინებულ ბავშვს, ტყეში მოზარდ გოგონებს დადევნებულ თანატოლებს, კამილას უმცროსი დის დაკრძალვას ასახავს და იმდენად არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, რომ ჰორორის ჟანრის კლასიკოსს - თავად სტივენ კინგსაც ჯაბნის, რადგან მისი „შინაური ცხოველების სასაფლაოს“ შემდეგ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაკრძალვის აღწერ ასე სიღრმისეულად და საზარლად შეიძლებოდა.
* * *
აღსანიშნავია „ოსკარის“ ხუთგზის ნომინანტის ემი ადამსის ნამუშევარიც. ადამსმა მართლაც შეუძლებელი შეძლო და უნიკალური პერსონაჟი შექმნა, რომელიც ზედმეტი ტრაგიზმის გარეშე ანგრევს საკუთარ თავს, ემოციებს კი, მხოლოდ ფიზიკური ტკივილით გამოხატავს. კამილასთვის ყველა წვრილმანი მტკივნეულია, ამიტომ აქცევს მათ სიტყვებად, იჭრის კანზე და მართალია, ხან სამუშაოზე ცდილობს ყურადღების გადატანას, ხან შემთხვევითი ურთიერთობით თავის დაღწევას, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს შიშისა და ძალობისგან განთავისუფლებას, რადგან არც შინაგანი ჭრილობები ხორცდება, არც იარები ქრება მის სხეულზე.
კრიტიკოსებმა „ბასრ საგნები“ სამხრეთული გოთიკის კიდევ ერთ ტელეშედევრს „ნამდვილ დეტექტივს“ შეადარეს, რაც ნაწილობრივ გამართლებულია, თუმცა ნიკ პიცოლატო კოშმარების სამყაროში მოგზაურობას ოპტიმიზმით ასრულებს, რადგან სჯერა, რომ ნათელი საბოლოოდ მაინც დაანგრევს და დაამარცხებს წყვდიადს, ჟან-მარკ ვალე კი, ბევრად პესიმისტურადაა განწყობილი, რადგან დარწმუნებულია, რომ ბასრ საგნებზე წამოგება დღის სინათლეზეც თავისუფლად შეიძლება.