რუსეთში დღეს სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დღეა. პეტერბურგში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხანძარი იყო. მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემის კაბინას მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. საარჩევნო პროცესის პირველივე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარდა, ფორმალურად კიდევ 3 კანდიდატი მონაწილეობს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებენ. ოკუპანტი ქვეყანა "საპრეზიდენტო არჩევნებს" საქართველოს ტერიტორიებზეც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ატარებს. საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას გმობს.