ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა (Coreper) შეათანხმეს პოზიცია რეგულაციის პროექტთან დაკავშირებით, რომლის საშუალებითაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი განახლდება.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ როდესაც ახალ კანონს მიიღებენ, ის გააძლიერებს ევროკავშირის მექანიზმებს, დაუპირისპირდეს სიტუაციებს, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს.
„განახლებული მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად: უვიზო რეჟიმის მქონე მესამე ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირში მოქალაქეების ჩასვლის შემთხვევების ზრდა, მაგ. ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მინიჭება ხდება მესამე ქვეყანასთან რაიმე ჭეშმარიტი კავშირის გარეშე, წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ, ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში”, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ინფორმაციის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ მესამე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ასევე შესაძლებელი იყოს ამ ქვეყანასთან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მნიშვნელოვანი და მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.
„ძალაში რჩება შემდეგი საფუძვლები: მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის არსებითი ზრდა, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაუფიქსირდათ ვადაგადაცილება, მესამე ქვეყნიდან თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის არსებითი ზრდა, რომლის აღიარების მაჩვენებელი დაბალია, ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება იმ ადამიანების რეადმისიაზე, რომლებსაც სთხოვეს ევროკავშირის ტერიტორიის დატოვება და რისკი ან გარდაუვალი საფრთხე საჯარო პოლიტიკის ან შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო)“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ამასთან, უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების ვადა 9-იდან 12 თვემდე გაიზარდა და შესაძლებელი იქნება კიდევ 24 თვით ვადის გაზრდა, მაშინ, როცა წინა სისტემა მხოლოდ 18 თვით გაზრდას ითვალისწინებდა. ამ შეჩერების ფაზაში ევროკომისია დაიწყებს დიალოგს მესამე ქვეყანასთან, რათა გადადგას ნაბიჯები იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც გამოიწვია შეჩერება. თუ სიტუაციის გამოსასწორებლად, გამოსავალი არ მოიძებნება, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამუდამოდ გააუქმოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 მესამე ქვეყანასთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ დარჩნენ შენგენის ზონაში 90 დღის ვადით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
შეთანხმება საშუალებას აძლევს ევროკავშირის საბჭოს საბოლოო საკანონმდებლო ტექსტზე შეთანხმების მიზნით ევროპარლამენტთან მოლაპარაკება დაიწყოს.