საქართველო მსოფლიოში ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულშია. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ ღირებულების თვალსაზრისით ღვინის მთავარი ექსპორტიორების 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 96 ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა. კერძოდ, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან 252 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული, რითაც ქვეყანა სიაში მოხვედრილ ყველა მეზობელსა და პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს. კერძოდ, საქართველოს მოსდევს ლიეტუვა და ლატვია, რომელთაგან პირველმა 215 მლნ დოლარზე მეტი, მეორემ კი დაახლოებით 168 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე. ამასთან, 24-ე ადგილზეა კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მოლდოვა, რომლის ექსპორტმაც დაახლოებით 127 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ესტონეთი 25 მლნ დოლარის ექპორტით 38-ე ადგილზეა. მთლიანობაში, ღვინის მსოფლიო ექსპორტმა 2022 წელს ღირებულების თვალსაზრისით დაახლოებით 39 მლრდ დოლარი შეადგინა