საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს 61 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. „აწარმოე საქართველოში“ პროექტებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმის მიხედვით განახორციელებს. საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობისთვის რამდენიმე მიმართულება შეირჩა. ყველაზე მეტი თანხა გამოიყოფა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისთვის, რაც მოიცავს სესხებისა და ლიზინგის თანადაფინანსებას. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი 58,5 მლნ ლარით განისაზღვრა. 2024 წლის სამოქმედო გემის თანახმად, 2,5 მლნ ლარი დაიხარჯება ევროკავშირის ქვეყნებში ქართული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში, გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში მონაწილეობისთვის. ამასთანავე, მცირე და საშუალო ბიზნესის ექსპორტის მენეჯერებისთვის ჯამურად 90 ათასი ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება ექსპორტის ხელშეწყობის ტექნიკურ დახმარებას, ამ შემთხვევაში წლევანდელი ბიუჯეტი 500 000 ლარით განისაზღვრა.