უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.
„რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ - სრულიად სამართლიანად. კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან უკვე ვერაფერი განკურნავს, მაგრამ დანაკარგს იგრძნობენ. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამას შეუძლია ის მეზობლებისთვის უსაფრთხო გახადოს. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის მოხსენება ბრძოლის ველზე უკრაინის ჯარების მოქმედებებთან, დაზვერვის ოფიცრების ქმედებებთან და უკრაინული დრონების მიღწევებთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ ჩვენი დრონები მუშაობენ და ისინი მუშაობენ შორ მანძილზე. ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა არის უსაფრთხოებასთან ყველას რეალური მიახლოება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსების მიერ კრივი-რიჰის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავდა.