საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაია ზურაბ აბაშიძეს შეცვლის. აღნიშნულ ცვლილებას ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბ აბაშიძემ ამ თანამდებობაზე თავისი მოღვაწეობის მე-12 წლის თავზე თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. როგორც კობახიძე აღნიშნავს, აბაშიძეს ეს გადაწყვეტილება იქამდე ჰქონდა მიღებული, სანამ ქვეყნის მოქმედი პრემიერი კუთვნილ თანამდებობას დაიკავებდა. შესაბამისად, როგორც კობახიძე აღნიშნავს, მის პრემიერობასთან ამ ცვლილებას კავშირი არ ჰქონდა. პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობას სურს პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ამოცანები, რომლებიც ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება და სწორედ ამას ეხება ის მითითებები, რომლებიც გიორგი ქაჯაიას მიმართ შეიძლება ყოფილიყო მიცემული.