უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუარესების გამო ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატები გაიყვანა. ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის. პიტერ სტანოს განცხადებით, გაერთიანებამ გადაწყვიტა, რომ ადგილზე აქტივობა შეემცირებინა და პორტ-ო-პრენსედან ევროკავშირის დელეგაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანა. პიტერ სტანომ ძალადობის ფაქტების გახშირების გამო შეშფოთება გამოთქვა. ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეიარაღებულმა ჯგუფებმა ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს.