უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპელი ლიდერების 90% ახლა უკრაინის მხარესაა, თუმცა საზოგადოებებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
ზელენსკიმ Le Monde-თან და BFMTV-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ევროპა ძალიან ორაზროვანი იყო, მაგრამ შეჭრამ ის უკრაინის გარშემო გააერთიანა და სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით შეძლო უკრაინამ რუსეთის შეჩერება.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად, ზოგჯერ „ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს“.
„ეს საშიშია, პირველ რიგში, თავად უნგრეთისთვის. ამ ქვეყანამ იცის რა არის შემოჭრა, იცის რა შედეგები მოჰყვება ფაშისტურ რეჟიმს და მიკვირს, რომ ბუდაპეშტის გზავნილები რადიკალურია უკრაინასთან დაკავშირებით. ტრამპთან თამაში არაფრის მომცემია. ის დამოუკიდებელი ლიდერია. არავის უყვარს სუსტი მეგობრების ყოლა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, 2022 წლის 24 თებერვლამდე ევროპამ ბევრი შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. მაგალითად, ყველა ცდილობდა „პუტინისთვის ხელის ჩამორთმევას“, რათა ეჩვენებინა, რომ მისი დაშოშმინება შესაძლებელია.
"ეს ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა. ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში ომის შემდეგ საკმარისად ძლიერი პოზიცია არ იყო. მსოფლიოს პუტინისთვის მისი ადგილი უნდა მიეჩინა. ევროპასა და შეერთებულ შტატებს უნდა გამოეჩინათ ლიდერობა და მკაცრი სანქციები დაეწესებინათ. იარაღის მიწოდების შენელების გათვალისწინებით, არსებობს მესამე შეცდომის რისკი, რომ მსოფლიოს ყურადღება უკრაინას ზურგს აქცევს", - აღნიშნა ზელენსკიმ.