ქართულ „კლასიკოში“ „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ „დინამო არენაზე“ უმასპინძლა - პრინციპულ დაპირისპირებაში თბილისელებმა 1-ბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 1:0 მოიგეს.
მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მატჩში ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, რადგან თბილისური კლუბი არც ისე სახარბიელ მდგომარეობაში იმყოფება. მიუხედავად ამისა, „დინამომ“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა. თბილისური გუნდი 33-ე წუთზე დაწინაურდა. გიორგი მაისურაძის ფლანგური გადაცემა 16 წლის ვახტანგ სალიამ ეფექტური თავური დარტყმით დაასრულა და „დინამო“ წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესო გამოდგა – ორივე გუნდი უტევდა და ბევრი რეალური საგოლე მომენტიც შეიქმნა. „დინამოს“ მწვავე კონტრშეტევების შემდეგ უპირატესობის გაზრდა სიხარულაშვილს, სანტისსა და სალიას შეეძლოთ, ხოლო ქუთაისელა ლეგიონერებს, პირესს, იონსენსა და ნინკოვიჩს – ანგარიშის გათანაბრების საშუალებაც ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ორივე გუნდის მეკარეებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს, რის გამოც მატჩი უხვგოლიანი არ გამოდგა.
სამი ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ ექვსი ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ტორპედო“ 3 ქულით კი მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა.