ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის პოლიტიკას. მისივე თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით, ბაიდენის ბოლო განცხადება არასწორი და მცდარია. ნეთანიაჰუს განცხადებით, ხალხს კარგად ესმის, რომ თუ ისრაელი სხვაგვარად მოიქცევა, ქვეყანაში 7-ი ოქტომბერი კიდევ ერთხელ გამეორდება. ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შეტევის გაფართოება რაფაჰში „ჰამასის“ დამარცხებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმის დროს დაღუპულ პალესტინელთა შორის, სულ მცირე, 13 000 ტერორისტი იყო. შეგახსენებთ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე მას ეხმარება. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქ რაფაჰში პოტენციური სამხედრო ოპერაცია მისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.