საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში 2023 წლის მარტში „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც გასულ წელს მარტის აქციების დროს მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო.
„შარშან მარტში ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე. გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს. დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც მაშინ მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო. გავიდა ერთი წელი და ქართველ ხალხს აქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე ამ კანონით მიაღწევდა. ერთი წლის თავზე, ჩვენ უფრო მეტი ვიცით ამ პარტიებზე, ორგანიზაციებზე და მათი ფარულად დაფინანსების სქემებზე. და ეს არის შედეგი, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავისი სიბრძნით და საკითხში სწორედ გარკვევით მიაღწია”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.