ისლანდიის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს, გუდნი იოჰანესონმა ახალქალაქის ჰიდრო ელექტროსადგური დაათვალიერა, რომელიც ქართული და ისლანდიური კომპანიების ერთობლივად განხორციელებული პროექტია. ახალქალაქის ჰესი 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰიდროსადგურებს შორის ყველაზე დიდია. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. ჰესის მშენებლობისას ისლანდიის მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო და ისლანდია წარმატებით თანამშრომლობენ და აქვთ ინტერესი, ამ ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს.