პირები, რომლებსაც სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე აზარტული გათამაშების პროცესს გადასცემდნენ, პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული.