მე მგონი, საფრანგეთის დღევანდელი პოზიცია რუსეთის მიმართ, საკმაოდ ჩამოყალიბებული და მკაცრი, მისი ერთგვარი კომპლექსებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთს წარსულში რუსეთის გარდაქმნის ილუზია ჰქონდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა ყველას დაანახა, რა არის რუსეთის ნამდვილი არსი.
„საფრანგეთი ცნობილი იყო იმით, რომ ჰქონდა რუსეთის მიმართ რაღაც მალული სიყვარული და ეს დიდხანს გაგრძელდა. იყო პერიოდი, როცა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო პოლიტიკა დაყრდნობილი იყო იმაზე, რომ ჩვენ დავარწმუნებთ რუსეთს ეკონომიკური თანამშრომლობით და მეგობრული ურთიერთობებით, რომ შეიცვალოს და გარდაიქმნას. ეს გარდაქმნის ილუზია დიდხანს გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, რომ როგორც ხშირად სიყვარულში ილუზიები როცა გაგიქრება, უფრო მკაცრად უყურებ იმ რეალობას, რაც არსებობს და ცხადია, უკრაინის ომმა პირდაპირ დაანახა, რა არის რუსეთის რეალობა. ძალიან კარგად ჩანს ეს საფრანგეთში, გერმანიაში, მაგრამ ეს ვრცელდება მთელ ევროპაზე, რომ ყველამ თვალი გახილა იმის შესახებ, თუ რა არის რუსეთი ნამდვილი არსი, რომ მისი იმპერიალისტური ამბიციები განუყოფელია მისი საგარეო პოლიტიკისგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ევროპის პოლიტიკაში მთავარი სიახლე არის ის, რომ „ევროპამ გამოიღვიძა და ნაწილობრივ მიიღო ის, რაც იყო საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის მცდელობები, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, რასაც უპირისპირდებოდა ევროკავშირის ნაწილი“.