მთავარი არის ის, რომ რუსეთის ჩარევა ნიშნავს, რაღაც ჯგუფების დაფინანსებას, უკვე ვხედავთ, რომ ვიღაცები მიდი-მოდიან რუსეთში და ალბათ, იქ იღებენ დაფინანსებას , - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში 2024 წლის არცევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანი შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება.
„არჩევნებში რუსეთის ჩარევა ხდება ბევრ ქვეყანაში, ძალიან ძლიერ ქვეყნებში, ვნახეთ ამერიკის არჩევნებში, ალბათ, ამჯერადაც იქნება რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამერიკაში რომელიმე ძალა აუცილებლად პრორუსულია ან რუსეთისთვის კომფორტული. შეიძლება, რაღაც იმედი ჰქონდეს ერთი მხარის, ვიდრე მეორის. ჩვენთანაც ასე არის, მათ იმედებზე უფრო არის დაყრდნობილი. აქ მთავარი არის ის, რომ რუსეთის ჩარევა ნიშნავს, რაღაც ჯგუფების დაფინანსებას, უკვე ვხედავთ, რომ ვიღაცები მიდი-მოდიან რუსეთში და ალბათ, იქ იღებენ დაფინანსებას. მარგინალური ჯგუფების გაძლიერებას, რუსული პირდაპირი პროპაგანდა და ამ პროპაგანდის თემები - შეიძლება მათი მიზანი იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
ჩვენ წინასწარ არ გვეცოდინება, რას ემსახურება რუსული ჩარევა არჩევნებში, მაგრამ ვიცით , რომ კიბერშეტევები იქნება, იყო უკვე ჩვენთან სხვადასხვა მედია საშუალებებზე გატარებული კიბერშეტევები. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ ყველაფრისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს და ვთვლიდეთ, რომ ისეთი საფრთხეებია, რომელსაც ვერ დავძლევთ. მართალია, რომ რუსეთს აქვს გამოცდილება, კარგად იცის ქართული ხასიათი, წლების მანძილზე გამოსცდა ეს, ამავე დროს ჩვენ არანაკლები გამოცდილება გვაქვს, 70-წელზე მეტი, თუ რა შეუძლია რუსეთს და რა ფორმით შემოდის ჩვენთან. ამიტომ ვიტყოდი, რომ საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო მომზადებულია და ნაკლებად მიამიტი, ვიდრე ბევრი დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ამ შემთხვევაში ვარ ოპტიმისტი. ვთვლი, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ინტერესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მეოთხედ დარჩენა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამაზე ფიქრი არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესი.
„ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე რა არის რუსეთის ინტერესი, ბოლომდე არასდროს გვეცოდინება რა არის მისი ინტერესი, უნდა ვფიქრობდეთ რა არის საქართველოს ინტერესი. მე მჯერა, რომ დღეს დადგა დრო რომ საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალ პარტიული წყობის შემოტანა. ეს არის საქართველოს ინტერესი. რუსეთის ინტერსზე რუსებმა იფიქრონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერსების თანხვედრას, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „არის, რაღაც ნიშნები“.
„არის რაღაც ნიშნები. რაც არ უნდა თქვან ამათმა (ქართული ოცნება), რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და "ოცნებას", ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს, რომ საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა. როგორც ეს კი გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები ის მთავრობა, ის ძალა ვერ იარსებებს საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის ნება არსებობს, რომ არასდროს დაბრუნდეს რუსეთის წიაღში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.