ამერიკის შეერთებულ შტატებში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ შიდა პარტიული არჩევნები, ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ ქვეყნის ისტორიაში დროის წარმოუდგენელი პერიოდი უწოდა. ტრამპმა საკუთარ ოჯახს, მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერებსა და შტაბის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ძალიან გაყოფილი ქვეყანა გახდა, რომელსაც მალე გააერთიანებს. CNN-ის ინფორმაციით, შტატების უმეტესობაში საარჩევნო უბნები დახურულია. ამ დროისთვის, კენჭისყრა ათზე მეტ შტატში უკვე დასრულებულია. CNN-ის პროგნოზების თანახმად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება ალაბამაში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ტენესში, ოკლაჰომაში, მეინიში, არკანზასსა და ტეხასში მოიპოვა. ამავე პროგნოზით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჯო ბაიდენი აიოვაში, ვერმონტში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში და მასაჩუსეტსში ლიდერობს. შეგახსენებთ, „სუპერ სამშაბათის“ დროს „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავიანთ კანდიდატებს 15 შტატში ირჩევენ.