საქართველოში ავტომომსახურებაზე ფასები იზრდება, ავტონაწილები კი იაფდება. ყოველი შემთხვევისთვის ამას ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და თუ ვინმე გაიაფების ნაწილში არ ეთანხმება, შეკითხვების ადრესატი საქსტატია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაძვირებულია ავტომობილის შეკეთების და რეცხვის ფასი. უფრო კონკრეტულად, წლიურ ჭრილში გაძვირებულია: ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 36.9%-ით; ავტომობილის შეკეთება - 15.4%-ით; ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა - 5.2%-ით. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გაზრდილია ზოგადად მსუბუქი ავტომობილების ღირებულებაც. კერძოდ, ახალი მსუბუქი ავტომობილის ფასი - 4.5%-ით, ხოლო მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილის - 5.4%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სხვადასხვა ავტონაწილებს, ამ შემთხვევაში თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასის კლება დაფიქსირდა. ავტომობილის სათადარიგო ნაწილები გაიაფდა - 5%-ით; ავტომობილის საბურავი გაიაფდა - 7.4%-ით, ხოლო აკუმულატორი 7.4%-ით.