ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რომ სამხედრო წვრთნები შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის დიქტატორული რეჟიმი შესაბამისი რეაგირებით იმუქრება. ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს მკაცრად გმობს და თვლის, რომ ის არა თავდაცვითი ღონისძიებაა, არამედ „ჩრდილოეთში შეჭრის მცდელობაა“. მისივე თქმით, არასტაბილური უსაფრთხოების გარემოს მკაცრად გასაკონტროლებლად შესაბამის სამხედრო ნაბიჯებს გადადგამენ. აშშ-მა და სამხრეთ კორეამ 4-ხ მარტს დაიწყეს 10-დღიანი ერთობლივი წვრთნები სახელწოდებით „თავისუფლების ფარი“, რომლის მიზანიც არის ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესება.