საქართველოს განათლების სამინისტრომ მომავალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.