დაიწყება თუ არა ზურაბ აზარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება? ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებაში ოპოზიცია დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ აზარაშვილმა საჯარო განცხადებაში „ქართულ ოცნებაში“ კლანებისა და მაფიოზური დაჯგუფებების არსებობა დაადასტურა. ოპიზიციის მეორე ნაწილისთვის კი, ყოფილი მინისტრის განცხადება ბუნდოვანია. ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის ბიზნეს ჯგუფების ინტერესებზე საუბრობს. მან 9-წლიანი პერიოდი, რომელიც ამ სისტემაში მის მოსვლამდე იყო, პრაქტიკულად, დანაშაულებრივად გამოაცხადა. განცხადებაში ყოფილი მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს აკრიტიკებს და მათ ფულის მიტაცებაში ადანაშაულებს. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ექიმებს საეჭვო ქვეყნებიდან არალეგალურად, ქვეყანაში გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტები შემოაქვთ და ამ წამლებს საკუთარ პაციენტებს აძლევენ.