უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მათმა სპეციალისტებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე კიბერთავდასხმა განახორციელეს და საიდუმლო სამსახურის დოკუმენტების დიდ ნაწილზე წვდომა მოიპოვეს. უწყების ცნობით, საუბარია ბრძანებებზე, ანგარიშებზე, მოხსენებებზე, განკარგულებებსა და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო სამსახურის 2000 სტრუქტურულ ერთეულს შორის ვრცელდებოდა. პარალელურად, რუსეთის სამარის ოლქში უცნობმა პირებმა სარკინიგზო ხიდის საყრდენი ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ცნობით, სარკინიგზო ხაზი საბრძოლო მასალის გადასაზიდად გამოიყენებოდა. მათივე ცნობით, მისი აღდგენა უახლოეს კვირებში შეუძლებელი იქნება. ხიდზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.