უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულდა. დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. რუსული აგრესიის ყველაზე პატარა მსხვერპლები 4 და 7 თვის ჩვილები არიან. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 7 სარაკეტო და 50 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი 112-ჯერ გაისროლეს. ფრონტის ხაზზე ჯამში 78 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამავდროულად, გენშტაბში აცხადებენ, რომ მტრის დანაკარგებიც დიდია. უწყების თანახმად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 150 ჯარისკაცი, 8 ტანკი, 21 ჯავშანტექნიკა და 22 საარტილერიო სისტემა დაკარგა.