საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი შედეგებისგან დაიცავს. მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტს წარედგინება. როგორც მდინარაძემ განმარტა, შესაძლოა, საქართველო აღმოჩნდეს იმ რეალობის წინაშე, როდესაც მას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოსთხოვენ. ასევე არსებობს საფრთხე, რომ პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება გახდეს საჭირო. სწორედ ამიტომ, მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ე.წ. პროპაგანდას აქტიურად უნდა დაუპირისპირდნენ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმები გამოიყენონ.