თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინაში ამერიკული ჯარი არ გაიგზავნება. კირბის განცხადებით, ერთადერთი ამერიკელი სამხედრო პერსონალი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის ნაწილია. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონის სიტყვების შემდეგ განაცხადა. შეგახსენებთ, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია. მოგვიანებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განმარტა, რომ საფრანგეთს შეუძლია, უკრაინაში ჯარები კონკრეტული საჭიროებისთვის გაგზავნოს, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაკრონის განცხადებას კრემლშიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ასეთი ნაბიჯი ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტს გამოიწვევს.